კომპიუტერული პროგრამირება თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად უწყობს ფეხს ტექნოლოგიურ და ინოვაციურ გამოწვევებს. 24-26 მაისს სააგენტოს მზარდაჭერით განხორციელდა ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ოლიმპიადა კომპიუტერულ პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე.
გუნდების შემადგენლობა ძალიან ძლიერი იყო. მონაწილეთა სიძლიერეს ხელს უწყობდა არა მარტო ღონისძიების მაღალპრესტიჟულობა, არამედ მისი ღია რეგლამენტიც. მონაწილეებს მოეთხოვებოდათ ჰქონოდათ მხოლოდ პროგრამირების სათანადო დონე - ყოველგვარი ასაკობრივი და რაიმე სხვა შეზღუდვების გარეშე.
“ღონისძიების შეფასებისას ცალსახად უნდა აღინიშნოს მისი უპრეცედენტო
მასშტაბურობა, ჩატარების სიმწყობრე და ორგანიზებულობა, მაღალი აკადემიური დონე. ყოველივე ეს, პირველ რიგში, განაპირობა ორგანიზაციაში ჩართულ დაწესებულებათა ძალისხმევამ და შეჯიბრების მაღალმა პრესტიჟულობამ”. განაცხადა ილია ვეკუას თასზე საერთაშორისო ოლიმპიადის დირექტორმა ბატონმა თემურ ზარქუამ.
გუნდურ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო სულ 102-მა გუნდმა. აქედან თბილისში თავი მოიყარა 50-მა გუნდმა, საიდანაც 13 იყო ჩამოსული საზღვარგარეთიდან (2-2 თურქეთიდან და რუსეთიდან, ერთი უკრაინიდან და 8 აზერბაიჯანიდან). პირად პირველობაში მონაწილეობა მიიღო სულ 147-მა პროგრამისტმა, აქედან 92 ასპარეზობდა თბილისიდან.
ოლიმპიადის საბოლოოო შედეგები ასე გადანაწილდა:
გუნდურ შეჯიბრში ილია ვეკუას სახელობის თასს დაეუფლა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (დმიტრი ეგოროვი, პავლე კუნიავსკი, ეგორ სუვოროვი, მწვრთნელი ანდრეი ლოპატინი).
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრიზი - საქართველოში ჩამოსულ საუკეთესო გუნდს - გადაეცა მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს, რომლებმაც საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს (ალექსანდრე მაშრაბოვი, გიორგი ჩებანოვი, ფილიპ რუხოვიჩი, მწვრთნელი ალექსი მალეევი). ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი ფინალის მონაწილეა და, დარწმუნებული ვარ, პრიზიორთა რიცხვში იქნება", - განაცხადა თემურ ზარქუამ
ევგენი პანკრატიევის სახელობის პრიზი - საუკეთესო სამხრეთ კავკასიის გუნდს - მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა (გიორგი საღინაძე, გიორგი გულიაშვილი, თორნიკე მანძულაშვილი, მწვრთნელი გიორგი საღინაძე), რომელიც ამ შედეგის წყალობით გახდა 2014 წლის საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამარჯვებული
პირად პირველობაში გაიმარჯვა მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მიხეილ ტიხომიროვმა, რომელსაც გადაეცა ილია ვეკუას მცირე თასი. ივერი ფრანგიშვილის პრიზი - საუკეთესო მოსწავლეს - მოიპოვა ნიკოლოზ სვანიძემ (კომაროვის სახელობის სკოლა, სასწავლო ცენტრი "მზიური").
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული პრიზი - საუკეთესო ქართველ მონაწილეს - მოიპოვა ნიკოლოზ ციმაკურიძემ (თავისუფალი უნივერსიტეტი). ამ შედეგით ნიკოლოზ ციმაკურიძე გახდა საქართველოს 2014 წლის ახალგარდული ჩემპიონატის პირად ჩათვლაში გამარჯვებული.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, მთლიანობაში, სამომავლოდ გამოიკვეთა შემდეგი:
1. აუცილებელია, ქართველი მონაწილეებისთვის ჩატარდეს ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპი, რაც ხელს შეუწყობს ქართველ მონაწილეთა დონის ამაღლებას; საზოგადოდ, აუცილებელია ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა, რათა ქართველი სტუდენტი-პროგრამისტები რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ მსოფლიო ელიტას;
2. საქართველოსთვის ფუნდამენტური პროგრამირების მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებელია ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ უმაღლესმა სასწავლებელმა, სადაც ისწავლება დაპროგრამება;
3. აუცილებელია მხარდამჭერთა სიაში აღმოჩნდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფილის და ამ ტექნოლოგიების ინტენსიურად გამომყენებელი ძლიერი დაწესებულებები;
4. აუცილებელია ვიზრუნოთ, რათა ყურადღება ღონისძიებისადმი მედიის მხრიდან მიუახლოვდეს ღონისძიების პრესტიჟულობას.
ყველა ჩამოთვლილი მიზანი პირდაპირ ეხმიანება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობას, შესაბამისად GITA კვლავ გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას კონფერენციის შემდგომ დაგემვასა და განვითარებაში.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტო ამ და სხვა კონფერენციების ფარგლებში ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ფუნდამენტური დაპროგრამების განვითარებასა და სხვადასხვა სახელმწიფოს ახალგაზრდებს შორის სასიკეთო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
We create an Innovative Georgia!
ჩვენ ვქმნით ინოვაციურ საქართველოს!
Friday, June 27, 2014
ილია ვეკუას სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადა
Subscribe to:
Post Comments (Atom)




0 comments:
Post a Comment